სტატისტიკასაქართველოს თასის გათამაშების მესამე ნახევარფინალისტი „ბათუმია“. აჭარულმა გუნდმა დღეს, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა „ოლიმპი“ და საუკეთესო ოთხეულში ადგილი მოიპოვა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ბათუმელებმა ბრწყინვალედ ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ ყურადღება მოადუნეს და თბილისურ გუნდს წარმატების შანსიც მიეცა, თუმცა მასპინძლებმა გადამწყვეტი წუთები მობილიზებულად ჩაატარეს და დაძაბულ ფინალში 79:73 იმარჯვეს.
პირველი პერიოდი მასპინძლებმა 24:15 იმარჯვეს, ხოლო მეორეში უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს და დიდ შესვენებაზე მასპინძლებს სოლიდური უპირატესობა ჰქონდათ – 46:33. ბათუმელები მწყობრად თამაშობდნენ შეტევაში, რაც აკაკი დვალიშვილის დამსახურება იყო. ეს უკანასკნელი ფარქვეშ გამორჩეულად აქტიურობდა და ქულებთან ერთად მოხსნებსაც უხვად იხვეჭდა.
მესამე პერიოდში „ოლიმპმა“ დაცვა დაამაგრა და თამაში გამოაკეთა. უკანახაზელ ჯერემი ბაინუმის შედეგიანობით თბილისურმა გუნდმა ათწუთეული 28:19 მოიგო და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 65:61 იგებდნენ. ბოლო მეოთხედში თამაში გათანაბრდა, ბათუმელებს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდათ და ამ ამოცანას აჭარელებმა წარმატებით გაართვეს თავი. დასკვნით წუთებში შედეგიანად ითამაშეს აკაკი დვალიშვილმა და ირაკლი მიქელაძემ, რის შემდეგაც ბათუმელებმა შეხვედრა 5 ქულით მოიგეს და თასის გათამაშების ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
ბათუმელთა შორის 30 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, ბესო ლეჟავამ 16 ქულა დააგროვა, ხოლო ლეონიდ სტეპანიშინის ანგარიშზე 10 ქულა და 7 პასი დაგროვდა. „ოლიმპში“ 27 ქულით ჯერემი ბაინუმი გამოირჩა, ხოლო ლესლი სმიტის ანგარიშზე 18 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
თასის გათამაშებაში გასარკვევი გახდა ბოლო ნახევარფინალისტი, რომელიც „აკადემიასა“ და „ვითას“ დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს.