საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალს დღეს ქუთაისმა უმასპინძლა. აღნიშნული ტურნირის ფინალში გასასვლელად 4 გუნდი იბრძვის, რომელთაგან ორმა დღეს იმერეთის მთავარ ქალაქში ითამაშა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ირაკლი ხოშტარიას “დინამო თბილისს” 20 ქულის სხვაობით – 73:53 მოუგეს და თასის გათამაშების ფინალის საგზური მოიპოვეს.
სხვაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნახევარფინალური რაუნდი ერთმატჩიანი გახლდათ, სადაც მოედნის უპირატესობა სუპერლიგის მეორე წრის შედეგების მიხედვით განაწილდა და ამიტომაც შეხვედრას ცხრილის ლიდერმა ქუთაისელებმა უმასპინძლეს. დაფიქსირებული 20-ქულიანი სხვაობის მიუხედავად, მატჩი მთლიანობაში უინტერესო არ გამოსულა. პირველი პერიოდის 15:26 წაგების შემდეგ დინამოელებმა მეორე 20:16 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის მასპინძლებს 7-ქულიანი უპირატესობა შერჩათ.
მესამე მეოთხედი საკვანძო გახლდათ. თუკი სტუმრებს მოგების რეალური ძალა შესწევდათ, აღნიშნულ პერიოდში უნდა ეყოჩაღათ, თუმცა დინამოელებმა მასპინძელთა გააზრებულ თამაშს ეფექტური ვერაფერი დაუპირისპირეს და მატჩის ბოლო ათწუთეულის წინ 11 ქულით ჩამორჩნენ.
თამაში ისე ჩამთავრდა, დინამოელთა ყოველი მცდელობა, რამე შეეცვალათ, უშედეგო აღმოჩნდა. იმერულმა კლუბმა საბოლოოდ დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და თასის გათამაშების ფინალში გავიდა. გამარჯვებულებს 22 ქულითა და 8 პასით ჯონათან ლიმ ულიდერა. შედეგიანად ითამაშა ორმაგი დუბლის მიმთვლელმა აკაკი დვალიშვილმა, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. 10 ქულა მოაგროვა აკაკი ლომოურმაც. “დინამოში” 17 ქულით საუკეთესო იყო ლაველ ბოიდი. 10 ქულა ნოდარ გოგოძემ მოიხვეჭა, ხოლო კაელ ტურპინმა შეხვედრა 9 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.
თასის გათამაშების მეორე ნახევარფინალი 21 მარტს, რუსთავში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი “კაკტუსს” უმასპინძლებს. შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება.
ქუთაისი – დინამო
სტატისტიკა: 73:53