დღეს გაირკვა საქართველოს თასის გათამაშების მერვე მეოთხედფინალისტი. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა “რუსთავმა” “ა” ლიგის წარმომადგენელ “მეგას” უმასპინძლა და სერიის პირველი მატჩის მსგავსად, გამარჯვებას მიაღწია. შედეგად, ქვემოქართლურმა გუნდმა სერია მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც “კაკტუსს” დაუპირისპირდება.
აღნიშნული შეხვედრა 31 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა კლუბ მეგას წევრების ინფიცირებისა და შესაბამისი კოვიდ-რეგულაციების გამო შეხვედრა გადაიდო და დღეს, რუსთავში ჩატარდა. სერიის პირველი მატჩი გუნდებმა 29 იანვარს ითამაშეს და ის რუსთაველთა გამარჯვებით -92:81 დასრულდა. დებულების თანახმად, თასის გათამაშების საპლეიოფო სერია 2-მატჩიანია. შესაბამისად, რუსთაველებს 11-ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდათ და თუ ამაზე მეტი სხვაობით არ წააგებდნენ, შემდეგ ეტაპზე, ანუ მეოთხედფინალში გავიდოდნენ. ქვემოქართლურმა გუნდმა მოიგო და საკმაოდ დამაჯერებლადაც. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია, “ა” ლიგის წარმომადგენელი 108:80 (სტატისტიკა) დაამარცხა.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბრძოლა არ შედგა. ეპიზოდურად მეგას კალათბურთელებს არა უშავდათ, თუმცა მოედანზე დომინანტები ძირითადად რუსთავის კალათბურთელები იყვნენ, რომელთაგან 7-მა 10-ქულიანი ზღვარი გადალახა. ქვემოქართლურ გუნდში ყოფნის პერიოდში საუკეთესო მატჩი ჩაატარა ნიგერიული ფესვების მქონე იტალიელმა დევიდ ოკეკემ, რომელმაც 16 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 19 ქულით ბომბარდირი გახდა მაიკ დევისი, ხოლო მალიქ უაითმა და ჯილან ვაშინგტონმა 15-15 ქულა მოაგროვეს. მეგაში 22 ქულით საუკეთესო იყო ჯერმეინ მეროუ, ასტონ ფრენსისის ანგარიშზე კი 19 ქულა დაგროვდა.
თასის გათამაშების ოთხივე მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია. თამაშების ჩატარების თარიღი მალე გამოქვეყნდება.