თასის გათამაშების მეოთხედფინალს დღეს კიდევ 2 გუნდი შეემატა. ესენი არიან “ოლიმპი” და “კაკტუსი”. ამ გუნდებმა დღეს ოლიმპიურ სასახლეში მერვედფინალური სერიის საპასუხო შეხვედრები გამართეს და სასურველი ანგარიშის დაფიქსირებით მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ძალიან საინტერესო, დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა “ოლიმპისა” და “ვერას” დაპირისპირება. ვერელებმა პირველი შეხვედრა 7 ქულით დათმეს და მეოთხედფინალში გასასვლელად დღეს გამართულ საპასუხო მატჩში ამ სხვაობის გადაფარვა მართებდათ.
ლევან ფაცაციას გაწვრთნილმა ვერამ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ლიდერობას მთელი პირველი ნახევარი ინარჩუნებდა. დიდი შესვენებისთვის ვერელებს ზუსტად ჰქონდათ 7 ქულა გაბათილებული – შეხვედრას 42:35 იგებდნენ და საბოლოო წარმატების მისაღწევად მეორე ტაიმის ნებისმიერი ანგარიშით მოგება მართებდათ, თუმცა დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მესამე პერიოდის ბოლოს ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.
ბოლო მეოთხედში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. ვერელები არ თმობდნენ – გივი ბაქრაძის, აარონ პარკსისა და ჯოშ ჰავლის შედეგიანობით ლიდერობას ინარჩუნებდნენ. ბოლო წუთზე ვერელები 2 ქულას იგებდნენ და გივი ბაქრაძის სამქულიანით 88:83 დაწინაურდნენ. რჩებოდა 10 წამი და რა თქმა უნდა, ფაცაციას გუნდმა ტაქტიკური ჯარიმა აიღო. ლუკა კალატოზიშვილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და სერიის ბედი გაარკვია. ვერას მინიმუმ 7 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა და 3 ქულით მოლიდერე ერთ შეტევაში საკმარის ქულებს რომ ვერ მოიხვეჭდა, ცხადი იყო. შეხვედრაც ისე დამთავრდა, რომ არაფრისმომცემი სამქულიანი ვერელებმა გააცუდეს და მიუხედავად მატჩის 88:85 (სტატისტიკა) მოგებისა, სერიაში, 2 მატჩის გათვალისწინებით – 162:166 დამარცხდნენ.
ოლიმპელებს 21 ქულითა და 10 მოხსნით დევანტე ფოსტერმა ულიდერა. 16 ქულა მოაგროვა კენდრიკ ტომპსონმა. ლუკა კალატოზიშვილის ანგარიშზე 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. კახა ჯინჭარაძემ და დონოვან სმიტმა 11-11 ქულა მოაგროვეს. ვერელებს ჯოშ ჰავლიმ და გივი ბაქრაძემ ულიდერეს. ამერიკელმა 18 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, ბაქრაძის ანგარიშზე კი 25 ქულა და 7 პასი დაგროვდა.
დღეს გამართულ მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა. “ა” ლიგის წარმომადგენელ “ორბს”, რომელმაც “კაკტუსთან” სერიის პირველი მატჩი 14 ქულით წააგო და ამ ჩამორჩენის გაბათილების გარკვეული იმედები ჰქონდა, თამაშის მსვლელობისას წარმატების შანსი არ ჰქონია. კაკტუსელებმა სტაბილურად ჩაატარეს შეხვედრის ოთხივე პერიოდი და საბოლოოდ 91:67 (სტატისტიკა) იმარჯვეს.
კაკტუსში 20 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე. 15 ქულა სამაი ჰეინს-ჯონსმა მიითვალა. ორბში 15 ქულა ჰქონდა ჯორდან უოლკერს, ხოლო ნიკა ლოლიშვილმა შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.
კაკტუსი მეოთხედფინალში რუსთავსა და მეგას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების გადამწყვეტი მატჩი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ-რეგულაციების გამო გადაიდო. პირველი შეხვედრა რუსთაველებს 11 ქულით აქვთ მოგებული. რაც შეეხება ოლიმპს, როგავას გუნდი მეოთხედფინალში თსუ-ს შეუწყვილდა.
ხვალ ოლიმპიურ სასახლეში 1 მატჩი გაიმართება: დინამო ბათუმს უმასპინძლებს, ხოლო 1 თებერვალს ქუთაისში კავკასია ჩავა, რომელსაც სერიის პირველი მატჩი 5 ქულით აქვს წაგებული.