ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის 2 ნახევარფინალისტი ცნობილია. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეორე ტურის მატჩებმა 4-დან 2 ჯგუფის გამარჯვებული გამოავლინა. საკალათბურთო კლუბები – “ვერა” და “ქუთაისი” ნახევარფინალში არიან და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურს ელოდებიან, რომელმაც მათი მეტოქეები უნდა გაარკვიოს.
A ჯგუფი ვერა 84:70 რუსთავი (სტატისტიკა)
“ვერამ” სუპერლიგის პირველი წრის გამარჯვებული და საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის შარშანდელი ჩემპიონი “რუსთავი” დაამარცხა და მემორიალის ნახევარფინალში გავიდა. წინა მატჩში “ტიტების” დამარცხებით წარმატებული დებიუტი ჰქონდა ვერელთა მთავარ მწრთნელ ლევან ფაცაციას, რომელმაც დღეს კიდევ უფრო მძლავრი მეტოქე დაამარცხა.
“რუსთავს” ტრავმის გამო აკლდა ერთ-ერთი ლიდერი მაიკ დევისი, თუმცა ამის გამო ვერელებთან უშანსოდ წაგება ქვემოქართლურ გუნს ვერ გაამართლებს. რუსთაველებმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარეს და მემორიალური ტურნირი დაასრულეს.
“ვერაში” შეუჩერებელი იყო ბრაისონ სკოტი, რომელმაც 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 18 ქულა და 9 მოხსნა ჯოშ ჰავლის ანგარიშზეა, ტრევონდ ბარნსმა კი გუნდს 16 ქულა შესძინა. რუსთაველთაგან 12 ქულით ბომბარდირი მალიქ უაითი გახდა, 10-10 ქულა მერაბ ბოქოლიშვილმა და რეზო ჩაჩანიძემ მიითვალეს.
B ჯგუფი მგზავრები 73:79 ქუთაისი (სტატისტიკა)
“მგზავრები” ვისაც არ უნდა ხვდებოდეს, ბოლომდე იბრძვის, თუმცა უმეტეს შემთხვევაში წაგებული გამოდის. ასე იყო ამ მატჩშიც, რომელსაც ქუთაისელები დიდი სხვაობით იგებდნენ, თუმცა “მგზავრები” არ რჩებოდნენ და თამაშში ბოლომდე დარჩნენ. ბოლო წუთებზე თბილისური გუნდი იგებდა კიდეც, თუმცა მეტი გამოცდილებისა და კლასის მქონე ქუთაისელებმა საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხეს და ჯგუფში მოგებული მეორე მატჩით ნახევარფინალში გავიდნენ.
ქუთაისელებს პორტუგალიელმა ლეგიონერმა, ჟოელ ალმეიდამ ულიდერა 32 ქულით, კაჰიმ რენსომმა კი გამარჯვებულებას 12 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიაშველა. მგზავრებში 5 მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც 15 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ჯეიდენ ფრედერიკი
C ჯგუფი ორბი 67:91 თსუ (სტატისტიკა)
ამ მატჩით “ა” ლიგის წარმომადგენელმა “ორბმა” მემორიალში მონაწილეობა დაასრულა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში “ოლიმპთან” უშანსო დამარცხების შემდეგ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთანაც წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. თავის მხრივ, თსუ-სთვის ეს შეხვედრა ტურნირზე პირველი იყო და ლექსო ლაფანაშვილის გუნდს, რომელსაც სუპერლიგაში საპატიო მე-3 ადგილი უკავია “ა” ლიგის წარმომადგენლის დამარცხება არ გასჭირვებია.
პირველივე პერიოდში თსუ-ელებმა 14-ქულიანი ლიდერობა მოიხელთეს და გამარჯვებულის ვინაობაც ფაქტობრივად გაარკვიეს. ეს შეხვედრა უნივერსიტეტელებმა უფრო ხვალინდელი მატჩისთვის მოსამზადებლად გამოიყენეს, რომელმაც C ჯგუფის გამარჯვებული და შესაბამისად, ნახევარფინალისტი უნდა გაარკვიოს.
გამარჯვებულებს 14 ქულით, 7 პასითა და 5 მოხსნით საბა ლობჯანიძემ ულიდერა. 17 ქულა და 7 მოხსნა ქუენთინ დავმა მოაგროვაა. “ორბში” 23 ქულით საუკეთესო იყო ჯორდან უოლკერი.
D ჯგუფი კაკტუსი 81:77 მეგა (სტატისტიკა)
ეს გახლავთ ყველაზე თანაბარი ჯგუფი, რომელშიც აქამდე გამართული ორივე მატჩი დაძაბული გამოდგა და შესაძლოა, ისე მოხდეს, სამივე გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდეს და ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტოს. “ა” ლიგის წარმომადგენელმა “მეგამ” პირველ ტურში “ცხუმ-აფხაზეთს” 5 ქულით მოუგო, დღეს კი “კაკტუსთან” 4 ქულით წააგო და ჯგუფის თამაშები დაასრულა.
“მეგა” იმ შემთხვევაში გავა ჯგუფიდან, თუ ბოლო ტურში “ცხუმ-აფხაზეთი” “კაკტუსს” 4, 5 ან 6 ქულით მოუგებს. 7 ქულითა და მეტით გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს ცხუმელების დაიკავებენ, თუმცა ყველაზე ხელსაყრელ ვითარებაში “კაკტუსია”, რომელსაც ხვალინდელ მატჩში 3 ქულით დამარცხება (და უკეთესი რეზულტატი) აძლევს ხელს.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, “მეგა” თითქმის მთელი თამაში აგებდა. პერიოდულად, ჩამორჩენა 10 ქულას აჭარბებდა ხოლმე, თუმცა “ა” ლიგის გუნდი წარმატების შანსს არ კარგავდა. ბოლო წუთზე, “კაკტუსი” 3 ქულას იგებდა, როცა მეგას მოთამაშეებმა ბურთი და მასთან ერთად მოგების შანსიც დაკარგეს. “კაკტუსს” 26 ქულით სამაი ჰაინს-ჯონსმა ულიდერა. 13 ქულა ეი ჯეი სამბრის ანგარიშზეა. “მეგაში” 19 ქულით ჯარედ ბრედლი გამოირჩა, 12 ქულა ლუკა გიორგაძემ მოაგროვა.
ასე და ამგვარად, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გასამართი 4 შეხვედრიდან 2-ს სატურნირე მნიშვნელობა დაკარგული აქვს, 2-ში კი დარჩენილი ნახევარფინალისტები უნდა გამოვლინდნენ.