ლეგენდარული კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი “ცხუმ-აფხაზეთმა” მოიგო. გუნდმა, რომელის წინა სეზონში ჩემპიონი “დელტას” სახელით გახდა, შემდეგ კი სახელი შეიცვალა, დღეს მოქმედი თასის მფლობელი “ტიტები” სუპერსათასო მატჩში დაამარცხა. ზვიად ანთაძის დებიუტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოდგა. მისმა გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო მატჩში 72:70 სძლია “ტიტებს” და სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.
მატჩი საკმაოდ დაძაბული, ემოციური და საინტერესო გამოდგა, რომელიც თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მესამე პერიოდში იყო ეპიზოდი, როცა 6 ქულით ჩამორჩენილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” 14:0 გაქცევა მოაწყო და 8 ქულით გალიდერდა, თუმცა ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” ჩამორჩენა მალევე აღმოფხვრა და თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა.
ბოლო პერიოდის დასაწყისში “ცხუმ-აფხაზეთი” 60:53 იგებდა, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით “ტიტებმა” დაწინაურება მოახერხა. აარონ კალიქსტეს, ბესო ლეჟავას და ნიკა მეტრეველის ქულებით გამყრელიძის გუნდი 61:60 გალიდერდა და დარჩენილ 6 წუთში ქულა-ქულაში თამაში გაგრძელდა. გადამწყვეტი გამოდგა ბოლოსწინა წუთები, როცა ვახტანგ გაფრინდაშვილმა, გიორგი შარაბიძემ და კვან უოლერმა მიჯრით სამქულიანები ჩააგდეს, რასაც ამ უკანასკნელის ბონუს-საჯარიმოც მოჰყვა და “ცხუმ-აფხაზეთი” 4 ქულით – 72:68 დაწინაურდა.
ამის მიუხედავად, “ტიტებმა” მაინც მოახერხეს შანსის მოპოვება, როცა “ცხუმ-აფხაზეთის” შეტევა ჩაშალეს, ორქულიანი ჩააგდეს და მეტოქის ნახევარზე წამოწყებული პრესინგით ბურთი მოიპოვეს. დარჩენილ 18 წამში გამყრელიძის გუნდმა რამდენჯერმე მოახერხა შეტევა, თუმცა გამთანაბრებელი სროლა ვერ ჩააგდო. აცილებული ბურთი კვლავ “ტიტების” ამერიკელმა ლეგიონერმა მოხსნა, თუმცა საფინალო სირენა გაისმა.
მატჩის შემდეგ გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი. “ცხუმ-აფხაზეთის” კაპიტანს, ზუკა მაჩალაძეს სუპერთასი ოთარ ქორქიას შვილმა, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტასტმა და დამსახურებულმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.
ცხუმ-აფხაზეთი – ტიტები
სტატისტიკა: 72:70