ახალციხემ თელავი დაამარცხა და წარმატებული სერია სამამდე გააგრძელა

ახალციხემ თელავი დაამარცხა და წარმატებული სერია სამამდე გააგრძელა
სუპერლიგის მეექვსე ტურის მორიგი დაძაბული მატჩი ახალციხეში გაიმართა. საკალათბურთო კლუბმა „ახალციხემ“, რომელიც სუპერლიგის დებიუტანტია, „თელავი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 80:76 იმარჯვა. ეს გახლდათ მნიშვნელოვანი მატჩი გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდი წარმატებულ სერიას თამაშობდა — ახალციხელებს ორი მატჩი ჰქონდათ ზედიზედ მოგებული, ხოლო „თელავს“ ზედიზედ მესამე გამარჯვება უმაგრებდა ზურგს. მატჩი უკიდურესად დაძაბული გამოდგა, რაზეც თვითონ თამაშის მსვლელობაც მიუთითებს: ლიდერი შეხვედრის განმავლობაში 15-ჯერ შეიცვალა, ხოლო ერთი ქულის სხვაობით სრულდებოდა ( 18:17, 16:17, 25:24), გარდა ბოლო პერიოდისა, რომელიც მასპინძელმა ახალციხემ ხუთი ქულით მოიგო (22:17) და საბოლოოდ ამის ხარჯზე გაიმარჯვა კიდეც.
ახალციხელებს დიდებულად დაეხმარა ახალწვეული ხალიდ მაკკოლი, რომელსაც დღეს დებიუტი ჰქონდა. იგი სულ ორი დღის წინ ჩამოვიდა და დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი შეასრულა გამარჯვების მოპოვებაში. მისმა ზუსტმა სამქულიანმაა და განსაკუთრებით ფარქვეშ ეფექტურმა თამაშმა ახალციხეს დიდი დახმარება გაუწია. მთლიანად კი გუნდმა გუნდური თამაშის ხარჯზე იმარჯვა. გადამწყვეტ პერიოდში თავისი სიტყვა თქვა გამოცდილმა ლუკა ზაქრაძემ, ხოლო კურვოსიე მაკკოლის სამქულიანი მატჩის დასრულებამდე 80 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი იყო — ამ ზუსტი სროლის შემდეგ „ახალციხე“ ხუთი ქულით დაწინაურდა და საბოლოოდ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.
მასპინძელთა რიგებში განსაკუთრებით პროდუქტიულები იყვნენ რომან ჭინჭარაული, რომელმაც გუნდს 15 ქულა შესძინა, ბექა ბექაური, რომელიც ფარქვეშ მუშაობით და 9 მოხსნით გამოირჩა და მატჩში დებიუტანტი კურვოსიე მაკოლი, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა დაგროვდა. რაც შეეხება სტუმრებს, თელაველთა მხრიდან ლიდერის ტვირთი გიორგი კობახიძემ იტვირთა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, მაილს კარტერმა 11 მოხსნით და საკმაო შედეგიანობით უმაგრა ზურგი გუნდს, ხოლო გრეგორი მილტონმა 10 ქულა დააგროვა.
სუპერლიგის მეექვსე ტური დღეს, კსუ „კავკასიისა“ და გორის „ივერიონის“ მატჩით დასრულდება.