გოგა ბიაძემ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ინდიანელთა ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი ჯანზე იყო, თუმცა მთელი ბოლო მეოთხედი, როცა ინდიანასა და ნიუ ორლეანს შორის ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა, მოედანზე ქართველი ცენტრი იყო. მატჩის დასრულებამდე 1:23 წუთით ადრე 6 პეროსნალურის გამო ბითაძე თამაშიდან გავარდა და მოედანს ტერნერი დაუბრუნდა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი სამქულიანი კი ჩააგდო, რითაც ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გარღვევა გაუცუდდა და ინდიანა 113:114 დამარცხდა.
ბითაძემ მეორე პერიოდის ბოლოს ლიგის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხულ ზაიონ უილიამსონს დააფარა. გოგამ იგივე მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრეც გააკეთა და ვფიქრობთ, წესების დაცვით, თუმცა მსაჯებმა ქართველს რიგით მე-5 ჯარიმა მისცეს. ამის შემდეგ გოგამ 2 წუთში შეტევაში, არასწორი ბლოკის დაყენებისას მიიღო პერსონალური და მოედნიდან გავიდა.
იმ 19 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, ბითაძემ 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და ბურთი ერთადერთხელ, ზემოთნახსენები, შეტევაში მიღებული ჯარიმისას დაკარგა. მაილს ტერნერმა 26 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა, საუკეთესო კი ჯასტინ ჰოლიდეი გახლდათ 22 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით.
ინდიანას 11 მოგება და 10 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 7 თებერვალს, იუტა ჯაზის წინააღმდეგ, ინდიანაპოლისში ითამაშებს.
ბითაძის შედეგიანი და ლამაზი გარღვევა
ბითაძის სამქულიანი მესამე პერიოდის ბოლო წამზე