დღეს, თბილისი არენაზე სტუდენტური ლიგის 3 მატჩი ჩატარდა. აღნიშნული ტურნირი გახლავთ ფანჯარა პროფესიულ კალათბურთში, რადგან მისი გამარჯვებული სუპერლიგის 1 საფეხურით დაბლა მდგომ “ა” ლიგაში გადადის და როგორც ამ ლიგის ყველა წევრი, საბაზისო დაფინანსებას იღებს. ეს ფორმატი 2018 წლიდან მოქმედებს და ყოველი სეზონის გამარჯვებული საუნივერსიტეტო გუნდი “ა” ლიგაში გადადის, თუმცა იქ ადგილის შენარჩუნებას გამონაკლისები ახერხებდნენ. ამ სეზონში “ა” ლიგა თსსუ-მ დატოვა, რომელიც მეორე გუნდით სტუდენტურ ლიგაში წლეულსაც მონაწილეობს. წლეულს რომელი გუნდი მოიპოვებს “ა” ლიგის საგზურს, ეს მიმდინარე სეზონის დასრულებისას გაირკვევა, მანამდე კი მთელი რეგულარული ჩემპიონატი და პლეი ოფია.
წინა სეზონებიდან განსხვავებით, როცა გუნდები 2 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი, მიმდინარე ჩემპიონატის ყველა მონაწილე ერთ ჯგუფშია თავმოყრილი. 2 წრის შემდეგ რვავე გუნდი პლეი ოფში გადაინაცვლებს, სადაც გუნდები რეგულარულ ჩემპიონატში დაკავებული ადგილების შესაბამისად დაწყვილდებიან: 1-8, 2-7, 3-6 და 4-5. მეოთხედფინალური სერიებში გამარჯვებული გამოვლინდება 2 მატჩის ჯამში. ნახევარფინალური სერიები იქნება 2 მოგებამდე, ხოლო ფინალში ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს.
დღეს გამართული 3 მატჩიდან პირველი ცალფარა გამოდგა. თავიდან კი გაუძალიანდა, მაგრამ მეორე პერიოდიდან თსსუ ბევრით ჩამორჩა სპორტუნის და საბოლოოდ 57:84 (სტატისტიკა) წააგო. გამარჯვებულებს 31 ქულითა და 11 მოხსნით დამიანე ოთხმეზურმა ულიდერა. თსსუ-ში 18 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ბახტაძე.
მეორე მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და მინიმალური სხვაობით – 65:64 (სტატისტიკა) დასრულდა. სწორედ ამ ანგარიშით დაამარცხა სეუ-მ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) ჯიუ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი). გამარჯვებულებს სანდრო ზანდუკელმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი. ბომბარდირი კი ნიკოლოზ კავლელაშვილი გახდა 28 ქულით. აღსანიშნავია, რომ სეუ-სთვის ეს იყო რეგულარულის პირველი მატჩი, მანამდე კი ამ გუნდმა 2 საკვალიფიკაციო მატჩი გამართა გორის უნივერსიტეტის გუნდთან. საქმე იმაშია, რომ წინა სეზონში სეუ-მ ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და სტუდენტურ ლიგაში ადგილის შენარჩუნება “ბ” ლიგის საუკეთესო, გორის გუნდთან მოუწია. საკვალიფიკაციო სერიის პირველ მატჩში ზანდუკელმა სამმაგი დუბლი მიითვალა, მეორეში კი იგივეს გამეორებამდე თითო მოხსნა-პასი დააკლდა.
დღეს, თბილისი არენაზე გამართულ მესამე შეხვედრაში თავისუფალმა უნივერსიტეტმა 63:57 (სტატისტიკა) სძლია ილიაუნის და დაკარგული ქულებით სტუდენტური ლიგის ლიდერია. 29 მარტს თბილისი არენაზე ლიგის კიდევ 4 შეხვედრა გაიმართება.