სტუდენტური ლიგა დასრულდა. შესაბამისად, გაირკვა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც სამოყვარულო, სტუდენტური კალათბურთიდან პროფესიულ, დაფინანსების მქონე ლიგაში გადაინაცვლებს, სადაც დამკვიდრება და უფრო მაღალ საფეხურზე (სუპერლიგაში) ასვლა უკვე თავის გამართულ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. მომავალ, 2022-2023 წლების სეზონში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ “ა” ლიგაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი იასპარეზებს, რომელმაც სტუდენტური ლიგის ფინალური სერია სპორტის უნივერსიტეტის გუნდს საერთო ანგარიშით 2:1 მოუგო.
“ა” ლიგა პროფესიული ჩემპიონატია, რომლის მონაწილე თითოეული გუნდი კალათბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამიდან სეზონში 70 000 ლარს იღებს. შესაბამისად, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის გუნდმა პროფესიული ლიგის ლიცენზია მოიგო და მომავალი სეზონიდან საბაზისო დაფინანსება ექნება. დამატებითი სახსრების მოზიდვისა და სწორი მენეჯმენტის დახმარებით აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის გუნდს შანსი ეძლევა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და “ა” ლიგის მოგების შემთხვევაში სუპერლიგის საგზური მიიღოს.
სტუდენტურ ლიგას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ატარებს. წლეულს ტურნირი შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდა, რისი მიზეზიც კორონავირუსის გამო შემოღებული სახელმწიფო რეგულაციები და არსებული შეზღუდვები გახლდათ.
აწსუ-მ (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფინალურ სერიაში “სპორტუნი” 2:1 დაამარცხა. თავის მხრივ, სპორტის უნივერსიტეტის გუნდმა ნახევარფინალიდან ტურნირის ფავორიტი სტუ გამოთიშა. რაც შეეხება ქუთაისის უნივერსიტეტს, კობა კირთაძის გაწვრთნილმა გუნდმა ძლივ, დაძაბულ ბრძოლაში გადალახა მეოთხედფინალური ბარიერი, სადაც სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი ბრძოლაში დაამარცხა, თუმცა მომდევნო მატჩები დამაჯერებლად მოიგო და სტუდენტური ლიგის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, “ა” ლიგის საგზური მოიგოვა.
დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც აწსუ-მ სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 95:65 მოუგო “სპორტუნის”. ფინალისტი გუნდები შესაბამისი სინჯის მედლებით თბილისის საკრებულოს წევრმა, ანა კაკაბაძემ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, გაგა გაჩეჩილაძემ დააჯილდოვეს.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელი რატი ნუცუბიძე დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გაგა გაჩეჩილაძემ გადასცა. სტუდენტური ლიგის პარალელურად მიმდინარეობს ამ ტურნირის “ბ” ლიგის გათამაშება, რომლის გამარჯვებული გახდა აგრარული უნივერსიტეტის გუნდი. აგრარული სტუდენტურ ლიგაში ბოლო ადგილზე გასულ ილიაუნის ჩაანაცვლებს. ასევე გაიმართება საკვალიფიკაციო სერია სტუდენტური “ა” ლიგის ბოლოსწინა – სამედიცინო უნივერსიტეტისა და “ბ” ლიგის ფინალში დამარცხებულ ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდების მონაწილეობით. ამ სერიის გამარჯვებული სტუდენტური “ა” ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საგზურს მოიპოვებს.