Redbull Half Court-ის საქართველოს ტურნირის გამარჯვებულმა “ბებერმა არწივმა” კაიროში, აღნიშნული ტურნირის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა, სადაც თავი ამ ლეიბლით სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული ტურების გამარჯვებულები შეიკრიბნენ. შეგახსენებთ, რომ Redbull Half Court-ის ტურნირი თბილისში 18 ივლისს ჩატარდა და მასში ზემოქაიტხსენებულმა გუნდმა გაიმარჯვა, რომლის ღირსებასაც ილია ლონდარიძე, ზუკა მაჩალაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი და გიორგი ვახანია იცავდნენ.
ეგვიპტეში, მსოფლიო ფინალზე გამგზავრების წინ “ბებერ არწივს” პირადი მიზეზების გამო ილია ლონდარიძე გამოაკლდა და გუნდმა კაიროში 3 კალათბურთელით, შეუცვლელად ითამაშა და პროგრამა მინიმუმი, რაც ჯგუფიდან გასვლას გულისხმობდა, წარმატებით შეასრულა. ჩვენმა გუნდმა პირველ მატჩში მასპინძელ ეგვიპტესთან 9:20 წააგო, შემდეგ მატჩში კი შრი ლანკას საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 16:15 სძლია. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ერთადერთი ხუთგუნდიანი ჯგუფი იყო და სწორედ მასში მოხვდა კაცნაკლული და სათადარიგო მოთამაშის გარეშე მყოფი საქართველო.
მესამე მატჩში ჩვენი გუნდი იაპონიას შეხვდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატების მუდმივი წევრია და აზიაში მოწინავე 3×3 საკალათბურთო ქვეყნად ითვლება. შეხვედრა იაპონელებმა დაძაბულ ბრძოლაში 12:10 მოიგეს და საქართველოს ჯგუფიდან გასვლის ერთადერთი შანსი დარჩა: დიდი ბრიტანეთისთვის უნდა მოეგო. უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში “ბებერმა არწივმა” მოახერხა გამარჯვების მიღწევა (10:7) და მერვედფინალში გავიდნენ.
ეგრეთ წოდებულ Play In-ში საქართველოს მეტოქე იყო ეგვიპტური გუნდი, რომლის ღირსებასაც გერმანიისა და ეგვიპტის უმაღლეს ლიგებში მოთამაშე კალათბურთელები იცავდნენ. მასპინძელთა გუნდმა ღირსეულად გაიმარჯვა და გავიდა მეოთხედფინალში, ტურნირის საუკეთესო 8 გუნდი 2 ოქტომბერს, სფინქსისა და გიზას სხვა პირამიდებთან შეიკრიბება და Redbull Half Court-ის მსოფლიო ჩემპიონს გამოავლენს. მეოთხედფინალში გავიდნენ ეგვიპტის, იაპონიის (ორივე ჩვენი ჯგუფიდან), ესპანეთი, სერბეთი, გერმანია, შვეიცარია, იტალია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
კაიროში, როგორც ტურნირის ორგანიზატორი, Redbull-ის დუბაის ოფისიდან მივლინებული იყო ყოფილი ქართველი კალათბურთელი, ამ კომპანიის ივენთ-მენეჯერი ბექა გოლეთიანი, რომელიც ჩვენს კალათბურთელებს გვერდში ედგა, ყველანაირად ეხმარებოდა და არაოფიციალურად “ბებერი არწივის” მწვრთნელობას ითავსებდა.