Redbull Half Court-ის ტურნირი და მსოფლიო ფინალის საგზური “ბებერმა არწივმა” მოიგო

Redbull Half Court-ის ტურნირი და მსოფლიო ფინალის საგზური “ბებერმა არწივმა” მოიგო

“რედბული” მძლავრი საკალათბურთო ივენთით დაბრუნდა. ავსტრიული კომპანია აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის მძლავრი მხარდამჭერია და მოქალაქეებს სისტემატიურად შთამბეჭდავ ღონისძიებებს სთავაზობს. “რედბულის” ორგანიზებით არაერთხელ გამართულა საკალათბურთო ტურნირები “King of The Rock”-ის ლეიბლით, ახლა კი კომპანიამ სხვა ტიპის საკალათბურთო ივენთი შემოგვთავაზა: Half Court, რაც დასახელებიდანაც გვამცნობს, რომ თემა ეხება ნახევარ მოედანზე თამაშს. 

“რედბულ Half Court”-ის ტურნირის მხარდამჭერი გახლდათ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მასპინძელი – “ბროწეულის ბაღი”, სადაც ქართული ქუჩის კალათბურთის ჭეშმარიტად მოწინავე წარომადგენლები შეიკრიბნენ. ტურნირში უკონკურსოდ გამოდიოდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება და “რედბულის” ტურნირი შესათამაშებლად შესანიშნავი საშუალება გახლდათ.

17-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში 3-დან 2 მატჩი მოიგო, ერთი კი ბრძოლაში დათმო. მაგარი საპლეიოფო ჯახების შემდეგ ფინალში ერთმანეთის პირისპირ 3×3 კალათბურთის მოწინავე ქართული გუნდები – “ბებერი არწივები” (ილია ლონდარიძე, გიორგი ვახანია, ნიკა ჩეჩელაშვილი, ზუკა მაჩალაძე) და “ურბან გარდენი” (ვახტანგ ქადარია, აკაკი ლომოური, გუგა პატაშური, დავით ლომიძე) დადგნენ. დაძაბულ ბრძოლაში “ბებერმა არწივებმა” გაიმარჯვეს, რომლებმაც “Redbull Half Court”-ის მსოფლიო ფინალის საგზური მიიღეს და ამ დიდი ივენთის ლოკალური  ჩემპიონობა შამპანურის ზალპით დაასველეს.