დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი დღევანდელი ტურის პირველივე მატჩის შემდეგ გამოვლინდა. საკალათბურთო კლუბმა “რუსთავმა”, რომელმაც გუშინ “მგზავრებს” მოუგო, მეორე შეხვედრაში თსუ-ც დაამარცხა და “ა” ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. ორიდან 2 მოგებით ქვემოქართლელები მიუწვდომელნი გახდნენ. ამ ჯგუფში ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს თსუ და “მგზავრები” დაუპირისპირდებიან, რომლებსაც პლეი ოფში ჯგუფის მეორე ადგილიდან გასვლაც შეუძლიათ, თუმცა მათი შანსები, განცდილი მარცხებიდან გამომდინარე, თეორიულ ხასიათს ატარებენ.
თსუ – რუსთავი (“ა” ჯგუფი)
სტატისტიკა: 75:86
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დუდუ დადიანის მემორიალში დღეს ჩაერთო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი გუშინ ისვენებდა, როცა რუსთაველებმა “მგზავრები” დაამარცხეს. გამარჯვების შემთხვევაში ანატოლი ბოისას გაწვრთნილი “რუსთავი” ჯგუფში პირველ ადგილს ინაღდებდა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია. თსუ-მ წინააღმდეგობა კი გაუწია მეტოქეს, მაგრამ წარმატების მისაღწევად ძალა არ ეყო.
თსუ უპირატესად ფარქვეშ დაიჩაგრა, რადგან ცენტრის პოზიციაზე შეგულებული ლეგიონერი ჯერ არ ჩამოსულა და გუნდს სამწამიან ზონაში პრობლემები აქვს. ამით კარგად ისარგებლეს რუსთაველებმა – უმთავრესად გეგი ბაქრაძემ და ამერიკელმა ჯილან ვაშინგტონმა, რომლებმაც ჯამში 35 ქულა და 25 მოხსნა მიითვალეს. ბომბარდირი კი მაიკ დევისი გახდა, რომელმაც თავი 21 ქულას და 7 მოხსნას მოუყარა. თსუ-ში 17 ქულით ბომბარდირი გახდა ბრენდონ სლაი, ხოლო ნათანიელ რაითი ორმაგი დუბლით გამოირჩა – 16 ქულა, 10 მოხსნა.
ტიტები – ვერა (“ბ” ჯგუფი)
სტატისტიკა: 82:79
მანუჩარ მარკოიშვილმა მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება იზეიმა. სადებიუტო მოგება მან “ვერას” წინააღმდეგ გაიფორმა და წინა დღეს “კაკტუსთან” უშანსოდ წაგების შემდეგ გარკვეული რეაბილიტაცია მოახდინა. “ტიტებმა” ამ მატჩით დაასრულეს ჯგუფური ეტაპი და მასთან ერთად ტურნირიც, ხოლო “ვერა” დასკვნით ტურში “კაკტუსს” დაუპირისპირდება.
“ტიტებში” საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ბრენდან აუგბორნსმა დააფიქსირა – 27 ქულა, 11 მოხსნა. 17 ქულა დავით ლომიძემ მოაგროვა, ხოლო 11 – გიორგი ჯაფარიძემ. ვერელთაგან 14 ქულით ლუკა მაზიაშილი გამოირჩა. 13 ქულა მერაბ შენგელიამ, ხოლო 11-11 სამმა კალათბურთელმა – გივი ბაქრაძემ, ვახტანგ ქადარიამ და დავით დეკანოიძემ დააგროვეს.
ცხუმ-აფხაზეთი – ქუთაისი (“გ” ჯგუფი)
სტატისტიკა: 86:87
მემორიალის მეორე ნახევარფინალისტი “ქუთაისი 2010” გახლავთ, რომელმაც ჯგუფის მეორე მატჩიც დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და თანაჯგუფელ “ოლიმპისა” და “ცხუმ-აფხაზეთისთვის” მიუწვდომელი გახდა. იმერულმა კლუბმა პირველ ტურში საფინალო სირენის თანხლებით – 77:75 დაამარცხა “ოლიმპი”, ხოლო დღეს კიდევ უფრო დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულის ხვაობით სძლია “ცხუმ-აფხაზეთს”.
ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდს ლეგიონერები ჯერ არ ჩამოსვლია, შესაბამისად, სოლიდური ძალა აკლია და დებიუტში ძალიან გაუჭირდა. პირველი პერიოდი ცხუმელებმა 17:31 წააგეს და თითქოს უშანსოდ ჩანდნენ, თუმცა მეორე მეოთხედიდან თამაში დაალაგეს და ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს.
დიდი შესვენების შემდეგ “ცხუმ-აფხაზეთმა” დაწინაურებაც მოახერხა და ქუთაისელები წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ. ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა, სადაც შედარებით გამოცდილი კალათბურთელებით, ასევე 2 ლეგიონერით დაკომპლექტებულმა “ქუთაისმა” მინიმალური სხვაობით იმარჯვა და “გ” ჯგუფი პირველ ადგილზე დახურა.
ამ ჯგუფის ბოლო მატჩში “ცხუმ-აფხაზეთი” “ოლიმპს” დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში სამი ჯგუფის თითო გამარჯვებული გადის, რომლებსაც საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატებათ. პლეი ოფის 2 მონაწილე ცნობილია, რომლებსაც ბოლო ტურის შემდეგ კიდევ 2 დაემატება. თამაშები სანამ გაიმართებოდეს, დარჩენილი საგზურების მოპოვების შანსი “ტიტების” გარდა ყველა გუნდს აქვს. შედარებით უკეთეს ვითარებაში არიან კაკტუსი, ოლიმპი და ცხუმ-აფხაზეთი.