დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ნახევარფინალისტი “ქუთაისია”. იმერულმა კლუბმა “გ” ჯგუფის დასკვნით მატჩში “კაკტუსი” 102:76 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისელებს მინიმალური გამარჯვებაც ხელს აძლევდა ჯგუფის მოსაგებად, თუმცა საკმაოდ დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს და ჯერჯერობით ტურნირზე საუკეთესო ბალანსი აქვთ.
არადა, შეხვედრა ისე დაიწყო, კაკტუსელებს წარმატების იმედი გაუჩნდათ. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 23:18 მოიგო და ქუთაისელებს გადაადგილებების გაკეთება დასჭირდათ. მეორე ათწუთეულიდან მოედანზე ვითარება კარდინალურად შეიცვალა. იმერულმა კლუბმა თამაშის სადავეები რომ ხელთ იგდო, თამაშის ბოლომდე აღარ დაუთმია.
მეორე პერიოდი “ქუთაისმა” 33:15 მოიგო და დიდ შესვენებაზე უკვე 13 ქულით ლიდერობდა. ლუკ მოიერმა, რომელმაც გუშინ, “მეგასთან” მატჩში 9-დან ყველა სამქულიანი ააცილა, ამჯერად 4 შორეული სროლა ჩააგდო და თავისიანებს ჯამური 20 ქულით შეეხიდა. ჯარვის რეიმ 16 ქულა მიითვალა, ადრიან ბოუის ანგარიშზე კი 9 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა.
მესამე და ბოლო პერიოდებში ქუთაისელებმა კვლავ იმარჯვეს და საბოლოოდ მეტოქეს 26-ქულიანი სხვაობით აჯობეს. “კაკტუსში” 17 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ზაქრაძე, ანდრე ფოქსმა 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
თუ როგორ დაწყვილდებიან ნახევარფინალისტები, ამას საღამოს შევიტყობთ, როცა მესამე ჯგუფის ბოლო მატჩი გაიმართება და ნახევარფინალისტების რაოდენობა ოთხამდე შეივსება.