დასრულდა დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპი. ნახევარფინალში გასულ “რუსთავსა” და “ქუთაისს” ბოლო ტურის შემდეგ “კაკტუსი” და “ოლიმპი” შეუერთდნენ. შესაბამისად, ნახევარფინალებში, რომლებიც კვირას, 11 ოქტომბერს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ერთმანეთს ქუთაისი-კაკტუსი (15:00) და რუსთავი-ოლიმპი (18:00) დაუპირისპირდებიან. ამ წყვილებში გამარჯვებულები კი ერთმანეთს სატიტულო მატჩში, 12 ოქტომბერს, 18:00 საათზე შეხვდებიან.
მგზავრები – თსუ (“ა” ჯგუფი)
სტატისტიკა: 74:89
ბოლო ტურის პირველ მატჩში თსუ “მგზავრებს” დაუპირისპირდა. ორივე გუნდს პირველი ტურის მატჩები წაგებული ჰქონდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი არც ერთს ჰქონდა დაკარგული. ამისათვის ორივე მათგანს რაც შეიძლება დიდი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა უკეთეს ვითარებაში თსუ გახლდათ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ სტუდენტურ გუნდს პირველი მატჩი 11 ქულით ჰქონდა წაგებული და ბურთების შეფარდების გამოსწორებისთვის შედარებით ნაკლები ძალისხმევა მართებდა, ვიდრე მგზავრებს, რომელმაც პირველ ტურში რუსთაველებთან 31 ქულით წააგო.
შესაბამისად, ორივე გუნდის მიზანი გახლდათ ბურთების შეფარდების მხრივ რაც შეიძლება მეტ პლუსში გასვლა. თსუ-მ მოახერხა 15 ქულით გამარჯვება, რითაც წინა დღით წაგებული 11 ქულა გააბათილა და პლუს 4 გაუხდა. დებულების თანახმად, პლეი ოფში საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიოდა და თსუ იმის იმედზე დარჩა, რომ მის მიერ დაფიქსირებულ პლუს 4-ს დარჩენილ მატჩებში ვერავინ გადაფარავდა.
როგორ განვითარდა მოვლენები, ქვემოთ მოგახსენებთ, აქ კი გეტყვით, რომ მგზავრებთან მოგებულ მატჩში თსუ-ს 17 ქულით მიხეილ ჭოჭუამ ულიდერა. 16 ქულა დააგროვა ბრენდონ სლაიმ, ხოლო საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 15 დაგროვდა. არჩილ პულუზაშვილმა უნივერსიტეტელებს 14 ქულა შეაშველა. მგზავრებში 21 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე, 14 ქულა ტროი სტიუარდმა, ხოლო 11 – დავით ბარამიძემ დააგროვა.
ვერა – კაკტუსი (“ბ” ჯგუფი)
სტატისტიკა: 62:74
ამ წყვილში მთავარი ინტრიგა გახლდათ ის, რომ თუ კაკტუსი მოიგებდა, ჯგუფში პირველ ადგილზე წაუგებლად გადიოდა, ხოლო ვერას მინიმუმ 18 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რომ “ა” ჯგუფის მეორეადგილოსან თსუ-სთვის ბურთების შეფარდებით გადაესწრო და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეენარჩუნებინა.
ვერელებმა კვლავ ლეგიონერების გარეშე ითამაშეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ გუნდს უცხოელები ჯერ არ შემოერთებიან, აი, კაკტუსელთა ახალწვეული სამაი ჰეინს-ჯონსი კი ყოჩაღი ბიჭი გამოდგა. ვიჩიტა სტეიტის უნივერსიტეტდამთავრებულმა და ამ სახელიან გუნდში არცთუ ურიგოდ ნათამაშებმა ახალგაზრდამ გუშინ ტიტებთან მოხვეჭილ 27 ქულას დღეს ვერასთან 28 ქულა დაურთო, რასაც 9 მოხსნა და 4 პასიც მოაყოლა და ფაქტობრივად პირადად მოუგო ვერელებს. კაკტუსმა 14 ქულით იმარჯვა და პირველ ადგილზე გავიდა.
ამ ჯგუფის მეორეადგილოსან “ტიტებს”, რომელსაც თითო მოგებ-წაგება ჰქონდა, ბურთების შეფარდება არ უვარგოდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი წინა დღით ჰქონდა დაკარგული.
ცხუმ-აფხაზეთი – ოლიმპი
სტატისტიკა: 74:83
ეს გახლდათ მატჩი, რომელის გამარჯვებულიც საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით ნახევარფინალში გადიოდა, თუმცა ერთი პირობით: “ცხუმ-აფხაზეთს” 6 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, ხოლო “ოლიმპს” – 7-ით. ეს ციფრები ზემოთნახსენებ თსუ-ს შედეგის გადასაფარად იყო საჭირო, რადგან უნივერსიტეტელებს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თითო მოგებ-წაგება და ბურთების +4 შეფარდება ჰქონდათ.
შეხვედრა მთლიანობაში თანაბარი გამოვიდა, რაც თსუ-ს აწყობდა, თუმცა უნივერსიტეტელების ხელსაყრელი ანგარიში საბოლოოდ არ დაფიქსირდა. ოლიმპი შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 12 ქულით უგებდა ცხუმ-აფხაზეთს და თავი ქუდში ეგონა, მაგრამ… ვასილ ბერუაშვილისა და ნოდარ გოგოძის სამქულიანების, ასევე მათი თანაგუნდელების შედეგიანობით ცხუმელებმა ბოლოსწინა წუთზე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს – 71:74.
ოლიმპელთა პასუხი ლევან გოგიჩაიშვილის სამქულიანი და ლუკა კალატოზიშვილის ორიანი გახლდათ და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა კვლავ სასურველი სხვაობა – 79:71 დააფიქსირა. საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე გოგოძემ ცხუმელებს მორიგი სამიანი მიუთვალა და ოლიმპის ლიდერობა 5 ქულამდე შემცირდა. ეს სხვაობა თსუ-ს აწყობდა, თუმცა ოლიმპმა თავისი მაინც გაიტანა. დარჩენილ წამებში ოთო ფხაკაძემ ზუკა მაჩალაძის ჯარიმა 2 ქულად აქცია, თავისიანები 7 ქულით დააწინაურა და როცა ოლიმპმა ცხუმ-აფხაზეთის ბოლო შეტავა მოიგერია, ყველაფერი ცხადი გახდა: ოლიმპელებმა საბოლოოდ 9 ქულით მოიგეს და ნახევარფინალის საგზურიც საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით სწორედ მათ ერგოთ.
გამარჯვებულებს 26 ქულით ფხაკაძემ ულიდერა. 16-16 ქულა ახალგაზრდა მოთამაშეებმა – ლევან ქვარცხავამ და ლევან გოგიჩაიშვილმა მიითვალეს. სათქმელია, რომ “ოლიმპი” ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელის – კახა ჯინჭარაძისა და 3 ამერიკელი ლეგიონერის გარეშე თამაშობდა, რომლებიც ჩამოსულები კი არიან, თუმცა გუნდთან სათანადოდ ადაპტირებულნი – ვერა.
ნახევარფინალში გუნდები დებულების თანახმად, შემდეგი პრინციპით დაწყვილდნენ: ჯგუფების 3 გამარჯვებული დაფიქსირებული შედეგების მიხედვით განითესნენ I, II და III ადგილებზე. სამივე პირველადგილოსანმა 2-2 მატჩი მოიგო, თუმცა ბურთების შეფარდებით პირველი რუსთავი (+42) იყო, მეორე – კაკტუსი (+36), ხოლო მესამე – ქუთაისი (+3). პირველადგილოსანი რუსთავი მეოთხე განთესილს, ჯგუფებში საუკეთესო მეორეადგილოსან ოლიმპს შეხვდა. მეორე ნახევარფინალში კი მეორე და მესამე გუნდები, შესაბამისად – კაკტუსი და ქუთაისი დაწყვილდნენ.