დუდუ დადიანის მემორიალის XX გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

დუდუ დადიანის მემორიალის XX გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

დუდუ დადიანის მემორიალი ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩით დაიწყო. წლეულს აღნიშნული ტურნირის მე-20 გათამაშება იმართება. ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი 2003 წელს გაიმართა, რის შემდეგაც ტრადიციული სახე მიიღო და ყოველი წლის შემოდგომაზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის წინ სისტემატურად ტარდება.

ამჯერად მემორიალში სუპერლიგის თერთმეტივე გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი. დღეს გათამაშებაში “ბ” და “გ” ჯგუფის გუნდების ჩაერთვნენ, რომლებმაც საქართველოში საკალათბურთო სეზონის პირველი მატჩები ჩაატარეს. სამიდან ერთი შეხვედრა განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა და მისი ბედი დამატებით დროში გაირკვა, ხოლო ერთი მეტ-ნაკლებად საინტერესო იყო, ბოლო მატჩი კი, რომ იტყვიან, ცალფარა გამოდგა – 42-ქულიანი სხვაობით დასრულდა.

“ბ” ჯგუფი: ოლიმპი – ვერა 83:62 (სტატისტიკა)

დუდუ დადიანის მემორიალს უპირველესად ის დატვირთვა აქვს, რომ გუნდები ახალშეკრებილ შემადგენლობას ცდიან, ახალ ლეგიონერებს გასაქანს აძლევენ, სეზონის სადებიუტო მატჩებში გუნდის შეთამაშებას ეშურებიან. დადიანის მემორიალის მატჩები ზედგამოჭრილია “ოლიმპისთვის”, რომელმაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრა და ცხადია, მაღალი მიზნების მისაღწევად, შეთამაშება სჭირდება. 

იგივეს თქმა შეიძლება ოლიმპელთა მეტოქე “ვერაზეც”, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიონერების გარეშე ითამაშა, ძლიერ მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ ანგარიშში 21-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველ ნახევარში ვერელები მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ.

ოლიმპის მწვრთნელმა გუნდის წამყვან მოთამაშეებს სათამაშო დრო თითქმის თანაბრად გადაუნაწილა, რაც იმის ნიშანია, რომ გუნდი გეგმაზომიერად მიჰყვება სათამაშო ფორმაში შესვლის გეგმას. ბოლო პერიოდის წინ ოლიმპელთა ლიდერობამ 10 ქულა შეადგინა, ხოლო დასკვნით ათწუთულში, როცა მოედანზე ძირითადად სათადარიგოები იმყოფებოდნენ, ვერელები გვარიანად ჩამორჩნენ და საბოლოოდ “ოლიმპმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

 

“ბ” ჯგუფი: კავკასია – ტიტები 83:80 (სტატისტიკა)

ბექა წივწივაძის “კავკასიამ” სეზონი ხმაურიანად დაიწყო. მართალია, სეზონის პირველი მატჩი იყო ორივე გუნდისთვის, მაგრამ 4 ლეგიონერით მოთამაშე “ტიტებსაც” რომ გამარჯვება ძალიან უნდოდა, ამას თქმა არ უნდა. სუპერლიგის დებიუტანტმა “კავკასიამ” მებრძოლი ხასიათი აჩვენა და მართალია, ოვერტაიმში, მაგრამ დამსახურებულად გაიმარჯვა. 

კავკასიელებმა საინტერესო გუნდი შეკრეს, რომელშიც ლეგიონერები, გამოცდილი და ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები არიან თავმოყრილნი და თუკი გამართულად ითამაშებენ, ურიგო სეზონი არ უნდა ჰქონდეთ. რაც ცხადია, კავკასიას რიგიანი ლეგიონერები ჰყავს, განსაკუთრებით კი ჯასტინ ფოსტერი, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. შთმბეჭდავი იყო მისი სამქულიანი, რომლითაც შეხვედრის დასრულებამდე 25 წამით ადრე “კავკასიამ” ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.

თავის მხრივ, “ტიტებსაც” ჩინებული ლეგიონერები ჰყავს, რომელთაგან საქართველოში 3-წლიანი თამაშის გამოცდილების მქონე ლუკ მოიერი გამოირჩა. მისმა 31-მა ქულამ “ტიტებს” ვერ უშველა, თუმცა დუდუ დადიანის მემორიალის შარშანდელი გამარჯვებული ჯგუფიდან გასვლას მომდევნო მატჩების მოგებით ეცდება.

“გ” ჯგუფი: მეგა – ქუთაისი 59:111 (სტატისტიკა)

ამ მატჩის შედეგი მიანიშნებს, რომ ბრძოლა არ შედგა. ქუთაისელებს ბოლო წლებია, მუდმივად ფავორიტი გუნდი ჰყავთ და ასეა წლეულსაც. მწრთნელმა კოტე ტუღუშმა გუნდში 4 ლეგიონერი მოიწვია, რომლებიც გამწევ ძალას წარმოადგენენ, თუმცა ქართველი კალათბურთელებიც საკმაოდ გამოცდილები არიან, რომელთაგან გუნდის ერთგული მოთამაშე და კაპიტანი – გიორგი ბარბაქაძეა გამოსარჩევი, რომელიც “ქუთაისში” 2009 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მე-12 სეზონს ატარებს.

ბარბაქაძემ მეგასთან 13 წუთში 10 ქულა მიითვალა, ბომბარდირი კი 22 ქულით ჯარვის რეი გახდა. რეიმ გასული სეზონიც “ქუთაისში” გაატარა და გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. ახალწვეულმა სტენლი დევისმა 22 ქულა მიითვალა. ეროვნული ნაკრების კანდიდატმა, ლუკა მაზიაშვილმა კი ყველაზე ეფექტური სტატისტიკა დააფიქსირა: 15 ქულა, 8 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 4 პასი. 

რაც შეეხება “მეგას”, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ლეგიონერი ჰყავს – რონი როზიე, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა. 14 ქულა მიითვალა მეგას ახალგაზრდა წევრმა, ვახტანგ გედენიძემ. მეგაში თამაშობს რუსთაველი ვეტერანი კალათბურთელი, გოგა ცეკვავა, რომელმაც თავის გუნდში ყველაზე ეფექტური სტატისტიკა დააფიქსირა: 7 ქულა, 3 პასი, 3 მოხსნა და სროლათა 75-პროცენტიანი სიზუსტე.

დადიანის მემორიალზე 13 ოქტომბერს 5 მატჩი გაიმართება.