დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალისტები დღეს გამოვლინდნენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის დასრულებამდე გაურკვეველი იყო, თუ ვინ გავიდოდა და როგორ დაწყვილდებოდა ნახევარფინალში. თსუ-სა და “ქუთაისის” შეხვედრამ ყველაფერი დაალაგა, მანამდე კი “კაკტუსმა” “რუსთავს” 98:90 სძლია და ფავორიტად მიჩნეული ქვემოქართლური გუნდი ჯგუფში ჩატოვა.
არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” მებრძოლი ხასიათი გამოავლინა. პირველ ტურში “დინამოსთან”ბოლო წუთზე წაგების შემდეგ კაკტუსელებმა ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრისა და კანდიდატის, ასევე მარჯვე ლეგიონერების მყოლ “რუსთავს” 8 ქულით სძლიეს და ჯგუფიდან გასვლის გზაზე მოზრდილი ნაბიჯი გადადგეს. “კაკტუსს” 1 ქულით მეტით რომ მოეგო, ჯგუფში პირველ ადგილს და ნახევარფინალის საგზურს გაინაღდებდა, თუმცა ეს ვერ შეძლო და “დინამოსთან” პირადი მარცხის გამო მეორე ადგილს დასჯერდა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში თსუ “ქუთაისს” შეხვდა. ქუთაისელებს ნახევარფინალში გასასვლელად მინიმუმ 13 ქულით მოგება სჭირდებოდათ, თუმცა 9 ქულით – 70:79 აქეთ დამარცხდნენ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე ჯერ-ჯერობით ყველაზე ეფექტურად თამაშობს. მათ გუნდში დღეს დებიუტი ჰქონდა ამერიკელ რიკი მედისონს, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. საუკეთესო კი პირველი შეხვედრის მსგავსად გიორგი ტურძილაძე გახდა 20 ქულით. გიორგი კორსანტიამ შეხვედრა 19 ქულით და 8 მოხსნით დაასრულა.
თსუ-მ პირველ ადგილზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ნახევარფინალში მეორე ადგილიდან გასულ “კაკტუსს” შეხვდება. კაკტუსელებმა პლეი ოფის საგზური საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსის მოპოვებით მოახერხეს. მეორე ნახევარფინალში “ბათუმი” და “დინამო” დაწყვილდნენ.
ნახევარფინალური მატჩების განრიგი:
თსუ – კაკტუსი 17:00
ბათუმი – დინამო 19:00